როგორ გავასაჩივროთ საპატრულო პოლიციის მიერშედგენილი საჯარიმო ქვითარი?
1) საპატრულო პოლიციის ჯარიმის მიღებისთანავე თქვენ გაქვთ 10
კალენდარული დღის ვადა მის გასასაჩივრებლად.
2) საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც შსს–ს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტში, ისე – იმ რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომლის
ტერიტორიაზეც არის შედგენილი საჯარიმო ქვითარი.
3) საჩივარი შეგიძლიათ გააგზავნოთ როგორც ელ–ფოსტით
(patrolinfo@mia.gov.ge ან police@mia.gov.ge), ასევე – ჩვეულებრივი ფოსტის
საშუალებით (მისამართი: ქ. თბილისი, გ. გულუას ქუჩა №10) .
4) საჩივრის წარდგენისთანავე ჩერდება საჯარიმო ქვითრის მოქმედება და
დარიცხული თანხის გადახდა ჩერდება დავის საბოლოო დასრულებამდე.
5) თუ დავას ვერ მოიგებთ საპატრულო პოლიციაში, თქვენ გაქვთ უფლება, რომ
უარის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საპატრულო პოლიციის უარი
გაასაჩივროთ რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, წერილობითი საჩივრის
წარდგენით.
6) საჩივარში იწერება მარტივი ფორმით (სავალდებულო წესით: სასამართლოს
დასახელება, თქვენი საკონტაქტო მონაცემები, სახელი, გვარი, გასაჩივრებული
გადაწყვეტილება და თავად საჯარიმო ქვითრის ასლიც (!) და მასში უნდა
მიეთითოს ის არგუმენტები და გარემოებები, რომლებიც დამაჯერებლად
ადასტურებენ იმას, რომ თქვენ არ დაგირღვევიათ საგზაო მოძრაობის წესები.
7) საკუთარი პოზიციის გასამყარებლად შეგიძლიათ სასამართლოში წარადგინოთ
მოწმეთა ჩვენებები, საექსპერტო დასკვნები, მტკიცებულებები, ვიდეო
რეგისტრატორის ჩანაწერები, მოითხოვოთ საპატრულო პოლიციის ოფიცრების
მოწმის სახით დაკითხვა.
8) შეგიძლიათ დავაში ასევე ჩართოთ თქვენი ადვოკატი.
9) იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, ამგვარი
სასამართლო დავის შედეგზე დამოკიდებული იქნება აგრეთვე დაზიანებული
ავტომობილის ღირებულების ანაზღაურებისა და მსგავსი საკითხების
გადაწყვეტის ბედი.
10) საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულების მოპოვების/გამოთხოვის შესახებ
შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა მტკიცებულებები
თავად სასამართლოს მიერ იქნას მოპოვებული.
11) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე
ექსპერტების დაკითხვაც.
12) რთული დავების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ საქმეში ჩართოთ
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი.
13) პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად
საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
14) გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული კატეგორიის დავების 99%–ზე მეტ
შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული
დადგენილებები სააპელაციო სასამართლოების მიერ რჩება უცვლელი.
თუ გაითვალისწინებთ ამ რეკომენდაციებს, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი
უკანონოდ შედგენილი საჯარიმო ქვითრის გაუქმებას.
ზურაბ ვანიშვილი