შიგთავსზე გადასვლა

ყადაღა

სტატია 05 იანვარი, 2025

1) ყადაღა  არის უძრავ ან მოძრავ ნივთზე ისეთი აკრძალვის დადება უფლებამოსილი
სახელმიფო ორგანოს მიერ, რომლითაც მესაკუთრეს ეკრძალება თავისი საკუთრების
განკარგვა ნებისმიერი ფორმით.


2) ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების
განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას. 


3) ყადაღის განმარტებას საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს, თუმცა მისი
გამოყენების სხვა და სხვანაირი მეთოდების აღწერას ცენტრალური ადგილი უკავია
საქათველოს სისხლის სამართლის, ადნინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის
კანონებში.


4) ყადაღის დადების უფლება გააჩნიათ ადგილობივი თვითმმართველობის,
აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლო ორგანოებს, კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.


5) ყადაღის დადებისა და მოხსნის უფლებამოსილება ასევე გააჩნია გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიას,
გაეროს სანქციების კომიტეტისთვის და სხვა სტრუქტურებისთვის ტერორიზმის
დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების
პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.


6) ყადაღის ერთ–ერთ ნაირსახეობას განეკუთვნება სახელმწიფო ორგანოს მიერ
გამოცემული ინდივიადუალური–ადმინისტრაციული აქტის მოქმდებების შეჩერება
(მაგალითად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების დროებით შეჩერება).


7) ყადაღის დადების ინიციატორი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური,
იურიდიული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანო.


8) საგადასახადო დავის მიმდინარეობისას საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს აქვთ
გადასახადის გადამხდელის ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების
უფლება.


9) მოვალის უძრავ–მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების უფლება ასევე გააჩნიათ სსიპ
აღსრულების ეროვნულ ბიუროს და კერძო აღმასრულებლებს, მათ ქვემდებარე
სააღსრულებო ან გამარტივებული წარმოების (აღიარებული დავალიანების
აღსასრულებლად მიქცევის) საქმეებზე.


10) ქონებაზე ერთ–ერთ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს სასამართლოს მიერ
მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება.

11) ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს, აღსრულების ეროვნულ
ბიუროს შეჩერებული აქვს ყადაღის დადება იმ მოძრავ ნივთებზე, რომლებიც
განთავსებულია საცხოვრებელ სადგომში.


12) სამოქალაქო დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ უძრავ ქონებაზე დადებული
ყადაღა საჭიროებს დაინტერესებული პირის მიერ (კრედიტორი ან მოსარჩელე)
დაუყოვნებლივ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და სარეგისტრაციო საფასურის
გადახდას.


13)  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთს
ყადაღა შეიძლება დაედოს სასამართლოს მიერ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ აღსასრულებელია სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა ან საურავი.


14) საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება, დაადოს ყადაღა გადასახადის გადამხდელის უძრავ–მოძრავ ქონებას და დავის დამთავრებისას სასამართლო წესით მოითხოვოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.


15) სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო
ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს.


16) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს ყადაღა დაადოს ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 


17) როგორც წესი, ყადაღა არ შეიძლება დაედოს პირისათვის საჭირო კვების
პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს,
რომლებიც  უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.


18) ასევე დაუშვებელია მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო,
საგანმანათლებლო, რელიგიურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პოლიტიკური
პარტიის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.


19)  დაუშვებელია შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

20) არ შეიძლება სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის
დაყადაღება.


21) სასამართლოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადებისას, როგორც წესი, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს.


22)  პროკურორს აქვს ქონებაზე ყადაღის დადების უფლება, თუ  არსებობს
დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ. 


23) სასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე, ქონებას ყადაღა ედება გადაწყვეტილების ან განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და
გამოძიების შეწყვეტამდე.


24)  ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება ექვემდებარება
გასაჩივრებას დაინტერესებული პირის მიერ.


25) ყადაღადადებული ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვა გამოიწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით.


ავტორი: ზურაბ ვანიშვილი

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.