იცოდე შენი უფლებები: რისი უფლება არ აქვს პოლიციელს თქვენთან ურთიერთობისას? - KH & PARTNERS
შიგთავსზე გადასვლა

იცოდე შენი უფლებები: რისი უფლება არ აქვს პოლიციელს თქვენთან ურთიერთობისას?

იურიდიული რჩევები 05 მარტი, 2026

გქონიათ თუ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან? ამ კითხვაზე პასუხი მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში დადებითი იქნება. მსგავსი გამოცდილება შესაძლოა უკავშირდებოდეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას საპატრულო პოლიციასთან ურთიერთობას, კრიმინალური პოლიციის მუშაკის მიერ პრევენციული ღონისძიების განხორციელებას და სხვ.

უდავოა, რომ სამართალდამცავი ორგანოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მართლწესრიგის დაცვის მთავარი გარანტიაა, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიციის მუშაკების საქმიანობაში იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, რაც მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დარღვევაში გამოიხატება. ამის ნათელი მაგალითია გასულ კვირას არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ზეწოლის და უკანონო ქმედებების განხორციელება პრევენციული ღონისძიების განხორციელების პროცესში.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება მათ უფლებებთან დაკავშირებით. სწორედ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებით შეძლებს მოქალაქე თავი დაიცვას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისგან. პოლიციის საქმიანობას აწესრიგებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების წესს. დარღვევათა დიდი ნაწილი უკავშირდება ქვემოთ ჩამოთვლილ საპოლიციო ღონისძიებებს:

1. პირის იდენტიფიკაცია

ხშირია შემთხვევა, როცა პოლიციის მუშაკი პირს აჩერებს გადამოწმებისა და იდენტიფიკაციის მიზნით. ამ პროცესში მოქალაქისგან პირადობის მოწმობის წარდგენა სრულად საკმარისია.

დაიმახსოვრე:

  • პოლიციის მუშაკს არ აქვს პირადი ტელეფონით თქვენთვის ფოტოს გადაღების უფლება. თქვენი პერსონალური მონაცემი არ უნდა მოხვდეს მის კერძო ტელეფონში.

  • იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელების შემდეგ მოითხოვეთ ოქმის შედგენა.

2. ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

სოციალურ ქსელში შევხვდებით მრავალ ვიდეომასალას, რომელშიც ნათლად ჩანს პოლიციის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა ტანსაცმლის იმგვარი შემოწმება, რომელიც აშკარად სცდება გარეგანი შემოწმების ფარგლებს. ასევე ხშირია საპატრულო პოლიციის მიერ ავტომობილების შიდა სივრცის სრული შემოწმების შემთხვევები, რაც სცდება საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებს და საგამოძიებო მოქმედების მასშტაბებს აღწევს.

დაიმახსოვრე:

  • ეს უკვე გადაიზრდება ჩხრეკაში, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებაა. მის ჩასატარებლად კი აუცილებელია სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება.

  • მოითხოვე აღნიშნული მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

3. მობილურის დათვალიერება

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა პოლიციის ოფიცრები პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ითხოვენ მოქალაქეებისგან მათი კუთვნილი ტელეფონების გადაცემას დათვალიერების მიზნით. მსგავს ღონისძიებას „პოლიციის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს.

დაიმახსოვრე:

  • პოლიციის ოფიცერს არ აქვს უფლება მოგთხოვოს ტელეფონის მისთვის გადაცემა.

  • ტელეფონის დათვალიერება სცდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ღონისძიებას და გადადის სისხლის სამართლის სფეროში, რაც რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით და მოითხოვს მოსამართლის განჩინებას.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დაიმახსოვრე თუ რისი უფლება გაქვს უბნის ინსპექტორთან თუ დეტექტივთან ურთიერთობისას, მათი მხრიდან უკანონო ქმედების შემთხვევაში კი დაუკავშირდი ადვოკატს შემდგომი რეაგირების მიზნით.

გახსოვდეთ, კანონის ცოდნა თქვენი ყველაზე ძლიერი ფარია. პოლიციასთან ურთიერთობა არ უნდა იყოს შიშის მომგვრელი, თუ თქვენ ზუსტად იცით, სად გადის ზღვარი მათ უფლებამოსილებასა და თქვენს პირად თავისუფლებას შორის. ნუ დატოვებთ თქვენს უფლებებს ბედის ამარად — ნებისმიერი ეჭვის ან დარღვევის შემთხვევაში, პროფესიონალური დახმარება თქვენი სიმშვიდის გარანტიაა.

ჩვენი ფილოსოფია: სიმშვიდე, სანდოობა და გამარჯვება!

სტატიის ავტორი:  ავთო ბასილაძე 

დაგვიკავშირდით დღესვე :

  • 📞 +995 595 17 17 41

  • 📩 info@khlaws.com

  • 📍 თბილისი, საქართველო

article icon ანალიტიკა

ყველას ნახვა arrow icon
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.